logo
ENG



წულუკიანი ჟურნალისტებზე ძალადობაზე: პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო

06 ივლ 202112:09
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

ჟურნალისტებზე ძალადობის და პოლიციის უმოქმედობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თეა წულუკიანი ამბობს, რომ პოლიცია მოქმედებდა "მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო". 

"პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო, არა მხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც. ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი მხრიდან". - ამბობს წულუკიანი. 

კულტურის მინისტრი მოქალაქეებს ურჩევს, გაეცნონ წიგნებს ადამიანის უფლებათა სამართლის შესახებ. 

"გავეცნოთ რამდენიმე წიგნს მაინც ადამიანის უფლებების სამართალში. თუ გაინტერესებთ, რას ვგულისხმობ, ეს შეიძლება ნებისმიერ გადაცემაში გაიშალოს ჩემ მიერ, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიერ". - თქვა წულუკიანმა. 

მისივე განცხადებით, ყველამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავებს, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. 

თუმცა, თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ან ვის აკისრებს პასუხისმგებლობას 5 ივლისის ძალადობის გამო. 

"ყველამ ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო და რომ სამშობლო არის უამრავი გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოკუპაციის წინაშე. ყველამ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ამ ძლივს შეკოწიწებულ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ მრავალი ათეული წლის წყვეტის შემდეგ, 90-იან წლებში აღვადგინეთ, უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით. 

ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს ამ მიწაზე ყოველთვის ასე იყო, ასე არის ახლაც და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება". - თქვა მან. 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა. 

პოლიციამ 53 ჟურნალისტის ცემისთვის პოლიციამ სულ 11 ადამიანი დააკავა, მათგან 8 - ადმინისტრაციული წესით, 3 კი - სისხლის სამართლის. 


close დახურვა