კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სუს-ის ფაილების გასაჯაროებაში ოპოზიციას, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. ტელეკომპანია იმედის ეთერში მან განაცხადა, რომ "ასეთ სიბინძურეებთან" კომპრომისი არ იქნება.
"მე ვფიქრობ, რომ ახლა უბრალოდ გაჩუმება აღარ იქნება იმდენად გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა... კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან. [...] ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში. ეს შეიძლება იყოს, ალბათ, მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, გაგრძელდეს გვამებით მანიპულირების პოლიტიკა, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი ეს მიზანია ისევ და ისევ ე.წ. გვამების პოლიტიკა, რომელიც მათი ხელწერაა. ეს სიბინძურეები კიდევ მრავლად იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, გამოძიებამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
"მორიდებით ვთქვი, რომ მე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, მე ველოდები გამოძიებას. მაგალითისთვის მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ვისმენთ ერთ-ერთი რიგითი ტელევიზიიდან, რომ თურმე ექვსი ათასი თუ შვიდი ათასი ფაილი არსებობსო, რომელიც ჩვენ ხელში ჩავიგდეთო, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილმა ადამიანმა გამოიტანა, რომელმაც თქვა ეს და ეს, მაგრამ ის ადამიანი ცოცხალი არაა და მის ხსოვნას პატივს მივაგებ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლით მანიპულირებასაც ალბათ შეეცდებიან უბინძურესი მეთოდებით. დღეს საუბარია რაზე, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს ამ ყველაფერზე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს, ნებისმიერმა [უნდა აიღოს პასუხისმგებლობა] ვინც აღმოჩნდება, რომ თუ ეს უკანონოა და შემდეგ ეს მასალა ვიღაცას ჩაუგდო ხელში. სხვათა შორისო ტირაჟირება გახდა ხელწამოსაკრავი", - განაცხადა წულუკიანმა.
13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.