ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მისი თქმით, აქციაში მონაწილე ყველა ადამიანი იქნება ორგანიზატორი, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი "პარტიული ვერ იქნება".
"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღეს და დღეს მე მინდა, ყველას მოვუწოდო, 5 საათზე შევიკრიბოთ, ისევ იმ ბრძოლისთვის, რაც 89 წელს და 9 აპრილს უკავშირდებოდა და ეს არის "არა რუსულ მთავრობას, არა მონობას" და ის, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას ურყევად უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, ევროპის ოჯახის წევრი.
მთავარი მოთხოვნა უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის გუბერნია, საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული მესიჯებით საუბრობს და შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც არის - ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და არ აპირებს, საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად. ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ.
რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მე მოვისმინე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადებები, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი. არავის აქციაზე მოსვლისკენ არ მოვუწოდებ, მოვუწოდებ საკუთარი მომავლის დაცვისკენ, საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისკენ და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით ამ მოედანზე.
საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
9 აპრილს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 14 მარტს ბრიფინგზე დააანონსა და ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 9 აპრილამდე დრო მისცა.
მოგვიანებით, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, რომ 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება ყოფილიყო. ამას ხაბეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება.