logo
ENG



ხაბეიშვილი: მელიას ადგილას არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადავხედავდი

12 ნოე 202215:54
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას ადგილზე გადახედავდა გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ნიკა მელიას ადგილას გადავხედავდი საერთოდ ამ გადაწყვეტილებას, მივიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. როცა პარტიის თავმჯდომარეების 52 ხელმოწერა იყო და მე მგონი, გაიზარდა ეს ხელმოწერაც, ამბობს, რომ ცვლილებებია პარტიაში საჭირო და ვადამდელი არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს ხომ მას? როცა პარლამენტის 10 წევრი იმავეს ფიქრობს, რომ პარტიაში ცვლილებებია საჭირო, როცა საკრებულოს ასობით წევრი ფიქრობს, რომ პარტიაში ცვლილებებია, მე მგონია, რომ ამის შემდეგ უკვე თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნიკამ, რომ არათუ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ ცვლილებებს დაუჭიროს მხარი, ნახოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება პარტიაში და მას დაუდგეს გვერდით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.


close დახურვა