logo
ENG



ხაბეიშვილი: სერიოზული სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი დაიბარეს

28 მარ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯილდოს გადაცემის გამო სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარება, ქვეყნისთვის "სირცხვილია". ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. [...] რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, კორტავას, ფარტენაძეს მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათეა, რომელიც არღვევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად და ამასობაში "რუსულმა ოცნებამ" ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, როცა სააკაშვილს ახსენებენ. ეს ხალხი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, არა თუ ნორვეგიელებს, არამედ არავის აღარ გაახსენდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. უწყების განცხადებით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და მასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.

25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა - ამას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.


close დახურვა