logo
ENG



ხაბეიშვილი: ხელს ვერ მოვაწერთ დოკუმენტს, რომელიც უკვე დარღვეულია და ამნისტია მიუღებელია

31 მაი 202115:36
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია ხელს ვერ მოაწერს შეთანხმებას, რომლის პირობებიც უკვე დარღვეულია. 

საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა.

როგორც ხაბეიშვილმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, გარდა იმისა, რომ შეთანხმების ფარგლებში ოცნების მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი ენმ-სთვის ​მიუღებელია, მმართველ გუნდმა დოკუმენტის პირობები იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების დაჩქარებული წესით არჩევითაც დაარღვია.

"ჯერ ერთი ქართულმა ოცნებამ უკვე დაარღვია შეთანხმება, როდესაც კონკრეტული მოსამართლეები რამდენიმე დღის წინ დაჩქარებული წესით აირჩიეს. ამაზე მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებაც ვნახეთ და განცხადებებიც. გარდა ამისა, ამ შეთანხმებაში წერია ამნისტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობა, თვალები და პირობითად დასახიჩრება ვაჩუქოთ ვიღაცა კრიმინალებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვინც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

​მადლობლები ვართ საერთაშორისო პარტნიორების, დიდი სამუშაო გასწიეს, თუმცა ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერთ მათ შორის ამნისტიიდან გამომდინარე და კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ეს ხელშეკრულება უკვე დაირღვა, როდესაც ქართულმა ოცნებამ სასამართლოსთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და არად ჩააგდო საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, რომ ეს პროცესი არ უნდა დაჩქარებულიყო და სხვა ფორმით უნდა განხორციელებულიყო. ამიტომ დოკუმენტზე, რომელიც უკვე დარღვეულია, ხელს ვერ მოვაწერთ", - თქვა ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობამ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღო

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტსაბჭომ ასევე გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს, ვინაიდან პარტიისთვის 2019 წლის 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი კატეგორიულად მიუღებელია. 

ვინ გახდება დეპუტატი ენმ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ნახეთ აქ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერც დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც - "პრივილეგიებით" ისარგებლებს, რომელსაც ოპოზიციას შეთანხმება ანიჭებს.

დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. რაც შეეხება "პრივილეგიებს", რომელზეც კობახიძე საუბრობს - დოკუმენტის მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა დაიკავოს.

 

close დახურვა