ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის სჭირდებოდათ. ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.
"ამ ბრძანებით ბიძინა ივანიშვილმა მოიმზადა ნიადაგი და რატომ? ის არის სანქციების მთავარი პრეტენდენტი და ხვალ თუ მას დაასანქცირებენ, ამ ბრძანების საფუძველზე დატოვეს შავი ხვრელი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მის თანხებს გამოაძრობს. ამიტომ, ის კი არა, რომ ფარცხალაძეს იცავდნენ, არა, რუსული ჯაშუშური ქსელის გამო, ბიძინა ივანიშვილს რომ ემუქრება სანქციები. მომავალში ეს ბრძანება მაგისთვის დასჭირდებათ", - განაცხადა მან.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.