logo
ENG



ხამენეი: ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც თავდასხმას გეგმავდა

10 ოქტ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/4j3qujlrtda2ei6.jpg

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს თეირანის მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში, ამავე დროს კი იგი მიესალმება ისრაელის "გამოუსწორებელ" სამხედრო და სადაზვერვო მარცხს.

თავდასხმის შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, ხამენეიმ განაცხადა, რომ "ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონიზმის რეჟიმზე".

ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. ცნობილია, რომ ირანი მხარს უჭერს დაჯგუფებას და მას იარაღით ამარაგებს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ისრაელში აცხადებენ, რომ პირველი თავდასხმისას 2200-მდე რაკეტა იყო.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 


close დახურვა