ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია - ჯამში, გასული სამი წლის განმავლობაში, საგარეო ვალით დაფინანსებულ აუთვისებელ პროექტებზე ხელისუფლებამ 17,5 მილიონი ლარის ფინანსური ვალდებულებები დაფარა.
საქმე ეხება საერთაშორისო ფონდებიდან ხელისუფლების მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც ვალდებულების გადასახადს (Committment Fee) რესურსის აუთვისებლობის, ან არასრულად ათვისების შემთხვევაშიც ითვალისწინებს.
მაგალითისთვის, 2020 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა (Committment Fee) 9.6 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადმა 3.3 მლნ ლარი შეადგინა - ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური ვალდებულების გადახდა იმ ტიპის პროექტებისთვის აღებულ საგარეო ვალებზეც უწევს, რომლებიც ან არ განხორციელდა, ან არასრულად განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ხელისუფლების მიერ საგარეო ვალის 5 მილიონით გაზრდის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ვალის სრული მოცულობა კანონით დადგენილ დასაშვებ ზღვარს მიუახლოვდა (მშპ-ის 60%) - 2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალის სრული მოცულობა 31.57 მილიარდი ლარია.
"უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება", - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში, რომელიც წლებია სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ კორუფციულ სქემებსა და სახელმწიფო დანახარჯებს უწევს მონიტორინგს.