logo
ENG



ხერხეულიძე, მინაშვილი და კირთაძე ენმ-ის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში ყოფნაზე უარს აცხადებენ

06 თებ 202300:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/ul60gw0g51b0wws.jpg

ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი და გიორგი კირთაძე ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ყოფნაზე უარს აცხადებენ. შესაბამისი განცხადებები პარტიის წევრებმა მე-10 ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ხერხეულიძე ენმ-ის დღევანდელ ყრილობას Facebook-ზე აკრიტიკებს და ამბობს, რომ სიიდან ამოიღეს ადამიანები, რომლებმაც "საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია", ხოლო სიაში შეიყვანეს "2012 წელს დამარცხების შემდეგ პუდელით გაქცეული ხალხი და მისთანები".

ახალ პოლიტიკურ საბჭოში ყოფნაზე უარი თქვა აკაკი მინაშვილმაც. როგორც მინაშვილი წერს, "მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ "პოლიტიკური საბჭოს" ლეგიტიმაცია ნულის ტოლია".

გიორგი კირთაძე Facebook-ზე წერს, რომ "არ აპირებს იმ ორგანოს წევრი იყოს, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას".

დღეს, 5 თებერვალს პარტიაში ყრილობა გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. გარდა ამისა, ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ყრილობის დასრულების შემდეგ მან დაწერა, რომ "ენმ-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა".

 

 


close დახურვა