ხვალ, 7 დეკემბერს, 13:00 საათზე ბათუმში ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ამაზე ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ნაზი ფუტკარაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
როგორც გარდაცვლილის და აღნიშნავს, ოჯახი არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ.
"ხვალ, 7 დეკემბერს დაანონსებული გვაქვს ქალაქის მთავარ სამმართველოსთან 13: საათზე აქცია მოთხოვნით - ობიექტურად ჩატარდეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები და ამაში ჩართული პირები შესაბამისად დაისაჯონ, მაგრამ ამ დეპარტამენტში ზის დავით რიჟვაძე, ვინც დაავალა ამ ორ პიროვნებას ჩემს ძმაზე ზეწოლა. სანამ ეს მამა-შვილი ბოგინობენ აჭარაში უსამართლობა მიდის და არ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართება, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ და არ გავჩერდებით, სანამ სამართლიანობას არ ვიპოვით", - ამბობს ნაზი ფუტკარაძე.
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.