გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია საარჩევნო სისტემის რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლის შესახებ ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ მოლაპარაკებებში მისთვის მნიშვნელოვან შეთავაზებებს გაუსვა ხაზი.
ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ნულოვანი ბარიერის შემოთავაზება მისთვისაც მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ მისი და მისი თანამოაზრეების სურვილი იყო, ელჩებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მთავარი საკითხი სწორედ ეს ყოფილიყო.
"ალეკო ელისაშვილი გახდა თავდასხმის ობიექტი დღეს, იმის გამო, რომ თქვა, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი", ამბობს ხვიჩია, - "ჩვენ [გირჩი] გვინდოდა ის, რის გამოც მოხდა ამ ქვეყანაში 20 ივნისი. რის გამოც, ოპოზიციური ერთობა საერთოდ შედგა. ეს იყო სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით".
ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციის შიგნით დისკუსია სწორედ იმაზე მიდიოდა, იყო თუ არა ხელახალი არჩევნები უპირობო მოთხოვნა, თუ არსებობდა მისი საპირწონე სხვა მოთხოვნა, რომელზეც ოპოზიცია ხელისუფლებას დაითანხმებდა.
"კამათი იყო იმაზე, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, ხელახალი არჩევნები, თუ არსებობს ამისი საპირწონე მოთხოვნა", - ამბობს ხვიჩია, - "ჩვენ სულ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო მთავარი საკითხი ელჩებთან, მოლაპარაკებების მაგიდაზე".
გირჩის ლიდერი განმარტავს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე არცერთი საკითხის დაძვრა ხელისუფლებასთან არ მოხდება, რადგან მათი არგამოშვება ავტომატურად ნიშნავს პროცესების ჩიხში შეყვანას. თუმცა ხვიჩია არ აზუსტებს, რა ფორმით მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ დაპირებასა და გარანტიას.
"პოლიტპატიმრებს თუ არ უშვებ, ესე იგი, თავად გინდა ჩიხში შეყვანა პროცესების. ეს საკითხი, თავისთავად ცხადია, იგულისხმება", - ამბობს ხვიჩია და დასძენს, რომ პოლიტპატიმრებზე წერილობითი დანაპირების მიღება, როგორც წესი, სახელისუფლებო მხარისთვის მტკივნეულია ხოლმე, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს აღიარებას, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივით ჰყავს ადამიანები დაპატიმრებული.
ხვიჩია ამბობს, რომ შესაძლებელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი გარანტია იკმაროს.
"თუ არ შესრულდება, ამაზე მორალური პასუხისმგებლობა ავტომატურად გეკისრება", - ამბობს ის.
საბოლოოდ, გირჩის ლიდერი პირობას დებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს მის ნებისმიერ პოზიციას საჯაროდ განმარტავს და გაახმოვანებს.
"გპირდებით, რომ ვიქნები ადეკვატური და ყველა ჩემს ქმედებას ავხსნი საჯაროდ და აბსოლუტურად არაფერს დაგიმალავთ, ეს შემიძლია გითხრათ", - ამბობს ხვიჩია.
დღეს მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების შემოთავაზების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლას გეგმავს. მან ასევე ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას პროცესის საბოტაჟში დასდო ბრალი.
ევროპულ საქართველოში ელისაშვილს უპასუხეს. სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად საბაბს ეძებს და სწორედ ამიტომ ესხმის თავს კოლეგა პარტიებს.
გირჩის კიდევ ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა მისთვისაც უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ხელახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა მეგრელიშვილმა თქვა, რომ სხვა პარტიებთან ერთობლივი შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
გირჩში არსებული დაპირისპირების და პარტიის ლიდერთან, ზურა ჯაფარიძესთან არსებული განხეთქილების მიუხედავად, ხვიჩია და მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილთან ერთად, პარტიული სიით გასული დეპუტატები არიან.
მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მათი თქმით, ხვალ, 10 დეკემბერს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისთვის დაიწყება მზადება.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. პარტია მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმების და მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევეაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება.