ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოძრაობა დროას მიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი დასანქცირების მოთხოვნას ეხმაურება და ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ კრემლთან მისი კავშირების შესახებ ელენე ხოშტარიას განცხადება სიცრუეა.
ხიდაშელის თქმით, მას არასდროს უცდია ქართულ პოლიტიკაში ჩარევა. შესაბამისად, ბიზნესმენი გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტი მის მიმართ სანქციების საკითხი განიხილავს.
დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია.
„ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში [ხოშტარიამ], მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემს მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ რომ ჩივილს აზრი არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო რომ იტყვიან“ - აცხადებს დავით ხიდაშელი ფორმულასთან.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ჰქონდა ბოლო შეხვედრა ივანიშვილთან ბიზნესმენი ამბობს, რომ ოლიგარქს დიდი ხნის წინ შეხვდა, თუმცა კომუნიკაცია ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ხიდაშელი 2 კვირის წინ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ერთად იორდანიაში პრემიერის ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფებოდა.
ხიდაშელი ცენტრალური მოწმეა დავით გარეჯის საქმეში. პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.
პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე წაიკითხა, როგორც თავად ამბობს, "ე.წ ბიზნესოლიგრქიული ადამიანების სია".
დროას ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან ერთად 5 "ბიზნესოლიგარქის" დასანქცირებას ითხოვს. ამაზე მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
დასახელებულ "ბიზნესოლიგაქრებს" შორისაა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც.
"დავით ხიდაშელი - ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით "ქართული ოცნების" მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია დროას ლიდერის თქმით "ე.წ ბიზნესოლიგარქების" სანქცირებაზე პარტია პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.