ხმაურისა და თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ ინიცირებულ საშტატო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
წინადადებას მხარი ბორდის 3-მა წევრმა დაუჭირა, რომლებიც მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არიან წარმოდგენილები.
ახალი დირექტორი სხდომის მიმდინარეობისას ბორდის წევრებსა და თანამშრომლებს არწმუნებდა, რომ სამსახურიდან არავის გათავისუფლებას აპირებდა და რომ მის მიერ ინიცირებული რეორგანიზაციის შედეგად დეპარტამენტების უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების შემდეგ, უფლებამოსილებების გადანაწილება მოხდებოდა, რაც შესაბამისად ახალ კონტრაქტებშიც აისახებოდა.
„აქ არის საკითხი, ხელფასების დარეგულირების და ორშაბათს, თქვენ გექნებათ სურათი, სადაც თითოეული თქვენგანი, რომლები ამ სამი თვის განმავლობაში სცემდით განგაშს, უბრალოდ შეგრცხვებათ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი, იყო არაფერი“, - მიმართა თანამშრომლებს აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ.