რუსეთში შავი ზღვის ფლოტის მეთაური იგორ ოსიპოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს. ინფორმაციას სამხედრო პორტალი Defense Express წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე ოსიპოვის დაკავებაზე სოციალურ ქსელებში თვითმხილველებიც წერენ, რომელთა ინფორმაციით, შავი ზღვის მეთაური ქუჩაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს.
ოსიპოვის დაკავება რუსულ ხომალდ მოსკვას ჩაძირვას უკავშირდება. მიმდინარე წლის თებერვალში ადმირალმა ოსიპოვმა განაცხადა, რომ კრეისერ მოსკვა პირადად შეამოწმა და დაასკვნა, რომ ხომალდს რაკეტების იერიშის გაძლება შეუძლია. თებერვალშივე ევროკავშირმა ადმირალი ოსიპოვი სასანქციო სიაში შეიყვანა, რადგან ის ომის დაწყებას მხარს უჭერს.
საქმე ასევე აღძრულია ოსიპოვის პირველი მოადგილის ვიცე ადმირალ სერგეი პინჩუკის წინააღმდეგ. შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოვალეობებს ამ დროისთვის არკადი რომანოვი ასრულებს.
ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია.
ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.
ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც კუნძულ ზმეინიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა **ი".
კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა.
სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა.