დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს მთელი თავისუფალი და ცივილიზებული სამყაროს დღეა.
მისივე თქმით, უკრაინა იქცა ბოროტებასთან თავისუფლებისთვის და მშვიდობის ბრძოლის სიმბოლოდ.
"დღეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა, ტერორისტულმა სახელმწიფომ განახორციელა აგრესია უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი და ცივილიზებული სამყაროს დღე იმიტომ, რომ უკრაინა იქცა ბოროტებასთან თავისუფლებისთვის და მშვიდობის ბრძოლის სიმბოლოდ. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის დღე, ეს არის მთელი თავისუფალი სამყაროს დღე და განსაკუთრებით საქართველოს დღე იმიტომ, რომ დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის ჩემი თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის. ჩვენ პატივი უნდა მივაგდოთ ყველა გარდაცვლილს, მშვიდობიანს თუ სამხედროს. იმ 18 ქართველ სამხედროს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვა უკრაინის მიწაზე და შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლა"- ამბობს ის.
ხოშტარიას თქმითვე, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს ხელისუფლების მცდელობა, ჩაშალოს დღეს დაგეგმილი მხარდამჭერი აქციები. ამასთან, ის მოსახლეობას ბათუმსა და თბილისში დაგეგმილ მსვლელობებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"მნიშვნელოვანია, დღეს საქართველოშიც აღინიშნებოდეს ეს დღე. სახელმწიფო ამას არათუ არ აკეთებს, არამედ ბათუმში დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გადადგა სამარცხვინო ნაბიჯები, ბათუმში უზღუდავს აქციას სცენას და ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცდელობა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და დღეს 8 საათზე ბათუმში ანბანის კოშკთან შეიკრიბებიან ადამიანები. ასევე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე 7 საათზე იმართება მსვლელობა და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბებით და ღირსეულად შევხვდებით ამ დღეს"- ამბობს ხოშტარია.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიგეგმა.
ბათუმში აქციისთვის მზადება 2 კვირის წინ დაიწყო. უკრაინის მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს. მათი განცხადებით, მერია მათ თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა, მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენა - არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში - აპარატურას არ მისცემდნენ.