logo
ENG



ხოშტარია: საქართველო მოსკოვისკენ მიმავალმა მორიგმა ირანულმა თვითმფრინავმა გადაკვეთა

17 სექ 202219:35
3 წუთის საკითხავი
 

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა გადაკვეთა, რომელიც მოსკოვში ჩაფრინდა.

ხოშტარია აცხადებს, რომ შემთხვევა 11 სექტემბერს მოხდა და შესაბამის ინფორმაციას უკრაინელ კოლეგებსა და საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველო რუსეთში შეიარაღების გამტარი არ გახდეს უნდა განმარტოს რა ტვირთი იყო ამ თვითმფრინავზე და „რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს“.

„11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, ირანის სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან წამოსული, რომელმაც კვლავ, კიდევ ერთხელ გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ.

წინა შემთხვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოიტყუა, რომ ეს ავიაკომპანია არ არის სანქცირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. მეორე, მათ არაფერი არ თქვეს ტვირთთან დაკავშირებით და მესამე, არაფერი არ თქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თვითმფრინავი აფრინდა სამხედრო აეროდრომიდან.

ჩვენ ცხადია, ამ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და პარტნიორებს, მაგრამ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან - თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, რისიც მე არ მჯერა, რომ საქართველო არ გახდეს გამტარი რუსეთში შეიარაღების, ხართ ვალდებულები თქვათ რა უნდოდა ამ თვითმფრინავს, რა თვითმფრინავი იყო, რა ტვირთი იყო და რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს?!“ - განაცხადა ხოშტარიამ.

8 სექტემბერს დროას ლიდერმა განაცხადა, რომ  4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

საკითხს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა".

სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რეისი "ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაყო".

სამინისტრო ამტკიცებს, რომ Iran Air-ი "არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით".

ხოშტარიამ 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  სიცრუეა, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ Iran Air-ის თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოკვეთა, სანქცირებული არ არის. მან წარმოადგინა კონკრეტული საბუთები, რომლებიც მისი თქმით, კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას, რომ, სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.

ხოშტარიას განცხადებით, "ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება ქართულ საჰაერო სივრცეში არის როგორც უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერა".


close დახურვა