logo
ENG



ხოშტარია: სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის საკმარისი პირობები სააკაშვილისთვის

11 ნოე 202112:54
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები და საქართველოს მთავრობას აქვს შანსი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანით თავიდან აირიდოს სტრასბურგთან პრობლემები და ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან.

"სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის ნამდვილად საკმარისი პირობები, არც მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახუროების თვალსაზრისით, ამიტომ უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს, მიცემულია თან ამ მეთვალყურეობისთვის ძალიან კონკრეტული ვადა, ეს არის ორი კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებისთვის, არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან.

ახლა დადგა მომენტი, როდესაც საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით, ეს რა თქმა უნდა ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა. რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ და ისინი გაეცნობიან ყველაფერს რაც აქ ხდება.

ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას და გააგზავნოს ინფორმაცია მისი უსაფრთხო და სამედიცინო თვალსაზრისით სწორი გარემოს შესახებ" , - ამბობს ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს და ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჭამს, არის ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ უგულვებელყოფილი.

"სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში, არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა, პირველ რიგში თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ანუ ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ. არის საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულვებელყოფილი. მეორე, სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის უკვე არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ" ,- ამბობს დროას ლიდერი

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას მოუწევს სტრასბურგს აჩვენოს კადრები, თუ როგორ გადაყავთ მოტყუებით მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში და ასევე ის კადრებიც, რაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა.

"სტრასბურგში მოუწევთ მაგალითად, იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე შეფასებულია არაერთი არასამთავრობოს მიერ როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა," - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარიას თქმით, დაუშვებელია სტრასბურგის გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება, რაც ქვეყანას დააზიანებს.

"სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზირება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დაშუვებელი არა რაღაც კეთილსინდისიერების კატეგორიებით უბრალოდ, არამედ მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს დამატებით ზიანს მთლიანად ქვეყანას და აქ ქართული ოცნება და მთავრობა, ზოგადად არავის არ აქვს დიდი მანევრის საშუალება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ მძიმე შედეგებს, ნებისმიერისთვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება" , - ამბობს ელენე ხოშტარია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს "შიმშილობა მოსთოვა", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილებაში მხოლოდ "მოწოდებაზეა" საუბარი. 

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარია.


close დახურვა