ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ფორმულასთან საუბარში ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე განიხილება.
მისი თქმით, თალაკვაძე გამოცდილი კადრია და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებშიც მიუღია მონაწილეობა.
"ყველა კანდიდატთან მიმდინარეობს კონსულტაციები, ყველა შესაძლო კანდიდატურის განხიულვა მიდის, ისე, რომ ცოტა დრო დავბჭირდება იმისათვის, რომ ახალი მინისტრობის კანდიდატი გამოიკვეთოს. ყველა კანდიდატი განიხილება, მათ შორის, არჩილ თალაკვაძეც.
საკმაოდ გამოცდილი კადრია, კარგი ადამიანია, კარგი პროფესიონალია და სექტორშიც აქვს მონაწილეობა მიღებული მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მათ შორის ც ჰეპატიტის ელიმიანციის პროგრამაა. უწყებრივ თანამდებობებზე აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
10 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს განიხილავდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ეს ფაქტი კატეგორიულად არ უარყო და თქვა: "სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით".
იმავე დღეს ფორმულამ პარლამენტში დააფიქსირა, რომ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც პროფესიით ექიმია და ერკვევა სამედიცინო მენეჯმენტში, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.
რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით.