ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალია.
როგორც ხუხაშვილი "ფორმულასთან" საუბრისას განმარტავს, ოპოზიციას რაც არ უნდა ძლიერი კანდიდატი ჰყავდეს, პრაქტიკულად ყველა ოლქში მეორე ტური გარდაუვალია.
ხუხაშვილი ასევე წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ნაბიჯებს აფასებს და ამბობს, რომ პირველ ტურში მათი მხრიდან საერთო კანდიდატების დაყენება აუცილებელი არ არის. მისი თქმით, ეს ოპოზიციისთვის უფრო დამაზიანებელი იქნება.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მეორე ტურები გარდაუვალია. გამომდინარე იმ კვლევებიდან, რაც ხელზე გვაქვს, რაც არ უნდა ძლიერი კანდიდატი იქნას ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი, პრაქტიკულად ყველა ოლქში იქნება მეორე ტურები.
კონცეფციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია პირველ ტურებში საერთო კანდიდატების წარმოდგენა. ეს უფრო დამაზიანებელიც იქნებოდა ჩემის აზრით, ვიდრე რაიმეს მომცემი. იმიტომ, რომ ოპოზიცია საკმაოდ ეკლექტურია, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, სხვადასხვა ელექტორალური სეგმენტი აქვს და მათი გაერთიანება არ იძლევა სინერგიას. პირიქით, შეიძლება ხმები დააკარგვინოს ჯამურად ოპოზიციურ კანდიდატებს და ხელისუფლების ამოცანაც, შუას გაკრეფის პრინციპით ვითარების გამარტივებაა, უფრო მოსახერხებელი და მოგებიანი.
ასე, რომ ვფიქრობ კოორდინაცია კარგია, მაგრამ თვითმიზნად არ უნდა აქციონ მაინცდამაინც ერთიანი კანდიდატების წამოყენება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამასთან, გია ხუხაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატად ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს საზოგადოებისთვის ტესტი იქნება, თუ რაზეა ამომრჩეველი ორიენტირებული.
"თუ ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერენ, ამ შემთხვევაში ეს სიმპატიურად გამოიყურება და მინიმუმ, გავერთობით. ფაქტობრივად, ღრმა წარსულსა და ჯერ არდამდგარ მომავალს შორის გაიმართება ტრაგი-კომიკური ბრძოლა და ეს ძალიან ბევრ საკითხზე იქნება ტესტი საზოგადოების, რაზეა ორიენტირებული ეს საზოგადოება - ჩვენ ჯერ კიდევ წარსულში ვართ, თუ მომავლის კონტურებს ცოტათი მაინც ვხედავთ“, - ამბობს ხუხაშვილი.
ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყრის.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჯაფარიძეს მხარს ევროპული საქართველო დაუჭერს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ. ჯაფარიძეს, სავარაუდოდ, მხარს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც დაუჭერს.