logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი რაც ნაკლებად გამოჩნდება, უკეთესი იქნება - ბურჯანაძე

29 თებ 202023:12
3 წუთის საკითხავი
 

„თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, ოჯახები ისევ იშიმშილებენ", - ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა კუთხით აჩვენებს საკუთარ უუნარობას - ეს გამოჩნდა კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ეს პოლიტიკური სისტემა შეიცვალოს.

„ხელისუფლება მზად არ არის ამ ვირუსისთვის. ჩვენი მინისტრი, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, რაც ნაკლებად გამოჩნდება, უკეთესი იქნება. როცა ამბობს, ყველაფერს ვაკეთებთო, შიში მიპყრობს, რადგან ვხვდები, რომ ვერაფერს აკეთებს. აგერ, საკარანტინო სივრცეებს ახლა ამზადებენ, როცა ორი თვეა მიდის ამ ვირუსზე საუბარი. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას - თუ ეს პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ოჯახები ისევ მშივრები იქნებიან. ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აწუხებს, 14 ნოემბრის შემდეგ მთავარი თემა არის პროცენტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ არჩევნების დღე იქნება მძიმე, მეორე დღე იქნება უმწვავესი. პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ სისტემა არ შეიცვლება. აქ ითქვა, რომ პოლიტიკური რეპრესიების თემა უნდა დამთავრდეს - მე ვეთანხმები, ეს უნდა დასრულდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა. შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ გარკვეული ინიციატივები წარადგინეს, რომლებზეც შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, თუმცა ისინი "ქართული ოცნების" ინიციატივას არ იზიარებენ.

 

 


close დახურვა