logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაკების შემცირება დაიწყო

29 იან 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთ დაპირებაზე ამბობს უარს. სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, რომლის დაპირებაც გაფიცვების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გასცა, სოციალური მუშაკების შემცირება დაიწყეს. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბათუმში ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო შვიდი სოციალური მუშაკიდან სამმა, მათ შორის, უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო ცეცხლაძემ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ იცოდნენ თუმცა, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.

პირველი თებერვლიდან რომ შრომითი ხელშეკრულებები უწყდებათ, სოციალურმა მუშაკებმა  დღეს გაიგეს რეგიონებშიც,  იმერეთში 7 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, 4 ქუთაისში, 2 ხონში და 1 სამტრედიაში რაც იმას ნიშნავს ხონისა და სამტრედიის რაიონში მხოლოდ თითო-თითო  სოციალური მუშაკი დარჩა. 

სოციალურმა მუშაკებმა გასულ წელს გაფიცვებით გააპროტესტეს საკუთარი სამუშაო პირობები და ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ყველაზე დაუცველ ადამიანებს სთავაზობს. მათი სლოგანი ასეთი იყო „ზრუნვა ცარიელი ხელებით". შემცირების მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება .

გათავისუფლებულები სამართლებრივად ბრძოლას აპირებენ.  ისინი შემცირებებს გასული წლის მარტში გამართულ სოცმუშაკების აქციებზე ხელისუფლების შურისძიებას უკავშირებენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს „ფორმულამ“ სოცმუშაკების შესაძლო გათავისუფლების შესახებ კითხვა გასულ თვეში დაუსვა, მაშინ უარყვეს, დღეს კი  40-მდე სოციალური მუშაკის გათავისუფლებას ადასტურებენ და აცხადებენ რომ სოც. მუშაკების გათავისუფლება რეორგანიზაციას უკავშირდება. მათი თქმით, თანამშრომლების გათავისუფლება სოციალური სამსახურისგან ერთ-ერთი დეპარტამენტის გამოყოფამ გამოიწვია, რომელიც ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადავიდა. 

საქართველოს მასშტაბით  სულ 239 დასაქმებული სოცმუშაკია. მოქმედი და უკვე ყოფილი თანამშრომლებისთვის გაურკვეველია, სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, რომლის დაპირებაც გაფიცვების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გასცა,  რატომ დაიწყეს შემცირება. 17 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკი სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ დააჯილდოვეს. დაჯილდოვნენ ის სოცმუშაკებიც, რომლებიც დღეს უკვე უსამსახუროდ დარჩნენ. 

 


close დახურვა