ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა - უწყების ცნობით, მათგან 20 ბავშვია.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 1 788 პალესტინელი, მათ შორის 121 ბავშვი.
რაც შეეხება ისრაელს, ოფიციალური პირების განცხადებით, ჰამასის თავდასხმისას დაშავდა 1 800-ზე მეტი ადამიანი - კერძოდ, კვირა დილის მონაცემებით, 1 864 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათგან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 326-ს მძიმე დაზიანებები აქვს. გუშინ ღამის მონაცემებით კი, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 250-ს აჭარბებს.
გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.