logo
ENG



ჯაფარიძე: ALDE-მ მიიღო მანიფესტი - წერია, რომ დაგვეხმარება 2029-სთვის EU-ში გავწევრიანდეთ

22 მარ 202417:30
3 წუთის საკითხავი
clock 279
2024/03/22/3em81kxcm0uiqli.jpg
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტია ALDE-მ (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - ევროპისთვის) ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნებისთვის მიიღო საარჩევნო მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაეხმარებიან საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 2029 წლისთვის გახდნენ ევროკავშირის წევრები.

ჯაფარიძის თქმით, გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და უკრაინელების ინიციატივით, მანიფესტში ჩაიწერა, რომ ALDE-ს აქვს ამბიცია - უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ასევე საქართველო-უკრაინა-მოლდოვა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს.

ჯაფარიძის თქმით, დამატებით ჰოლანდიელებმა მანიფესტში ჩაწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

დოკუმენტის ფოტო ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამასთან, თემაზე დღეს ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლიდერები მანიფესტს უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპული პარტია თავის საარჩევნო დაპირებაში საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"ასეთი დოკუმენტი ჯერ არცერთ სხვა ორგანიზაციას არ მიუღია და სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა, საქართველოს ელოდებიან ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ამ ყველაფერს დღეს ვინც ეწინააღმდეგება არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, საქართველოს ეყოლება ხელისუფლება რომელიც ხალხზე ზრუნავს და აჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თუ ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველო 2029 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს საჭიროა 9 პუნქტის შესრულება, რომლის გათვალისწინებასაც, მისივე თქმით, "ქართული ოცნება არ აპირებს".

"ერთადერთი, რაც არის საჭირო, რომ ჩვენ 4-5-6 წელიწადში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები ყველა იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს ამას, არის საჭირო იმ კრიტერიუმების შესრულება, რომელზეც ქართულ ოცნებას პრაქტიკულად საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ამის შესრულებას არ აპირებს, საუბარია, ე.წ. 9 პუნქტზე. გასაკეთებელი რაც არის, ჩვენი აზრით არის ის, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ამის შანსი იქნება ოქტომბრის ბოლოს და ამის გატარება შესაძლებელია ძალიან სწრაფად და ასეთი ღია ფანჯარა, როგორც ახლა არის ევროპაში, საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია", - ამბობს ჯაფარიძე. 


close დახურვა