logo
ENG



ჯაფარიძე: EU-მ უნდა თქვას, რომ ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს

19 ივლ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: EU-მ უნდა თქვას, რომ ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია და მკაფიოდ თქვას, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს.

ჯაფარიძე Facebook-ში წერს, რომ ის შარლ მიშელთან შეხვედრას კორონავირუსის დადასტურების გამო ვერ დაესწრება, თუმცა საუბრობს იმ საკითხებზე, რის განხილვასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან აპირებდა.

ჯაფარიძის თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა მოისმინოს ევროკავშირისგან, რომ მმართველ გუნდს აღარ მიჰყავს ქვეყანა წლების წინ არჩეული კურსით. მისივე თქმით, დასავლური გზიდან გადახვევის გამო ქართული ოცნების ლიდერებმა ინდივიდუალური სანქციებით უნდა გადაიხადონ ფასი.

ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს.

ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა", - წერს ზურა ჯაფარიძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დაარღვია პირადად მიშელის შუამავლობით დადებული შეთანხმება, ამიტომ მასთან კიდევ ერთხელ რაიმე სახის დიალოგზე საუბარი უკვე არასწორი იქნება.

„მას შემდეგ რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.

ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით", - აცხადებს ჯაფარიძე.

შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდება. 

ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.

 


close დახურვა