აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რისი საბოლოო შედეგი ახალი არჩევნები იქნება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
"ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად დარჩეს ამ პროცესში, რათა ჩვენ მოვახერხოთ იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად იმისათვის, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას მივაღწიოთ სხვა საარჩევნო ადმინისტრაციისა და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების პარლამენტის შიგნით გადატანისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნებზე აღმოჩენილი უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციამ პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს.
"ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები.
ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რიკერმა პომპეოს ვიზიტის პარალელურად.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.