logo
ENG



ჯაფარიძე: ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია

03 ივნ 202110:23
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია
ფოტო: ვახო ქარელი

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პანსიონის პრობლემები მხოლოდ "აისბერგის წვერია". 

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო გარდაიქმნა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ინსტიტუტად და ამბობს, რომ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი უნდა გაუქმდეს. 

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით", - წერს ჯაფარიძე.

 

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა. 

2 ივნისს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  მისივე განცხადებით, პროკურატურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების საქმესაც იძიებს. 

ოფოციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. თუმცა, როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, პანსიონში 150-მდე ბავშვია.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.


close დახურვა