ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას პოზიციას პასუხობს ამნისტიის კანონპროექტის უკან გათხოვაზე და ამბობს, რომ ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს, არამედ ეს უნდა განიხილოს მედიატორმა.
"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ესაა შარლ მიშელის დოკუმენტში. ეს პოზიცია, ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ", - თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება "ჯალათებს".
დღის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი. მისი განცხადებით, თუ შეუძლებელია ამნისტია მხოლოდ "ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს" შეეხოთ, იგი მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს. ამ განცხადებას ნიკა მელია ციხიდან ავრცელებს:
"გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე".
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.