logo
ENG



ჯაფარიძე: ჩნდება ეჭვი, რომ მელაშვილის მოშორებით ხელისუფლება წავა ქვეყნის საზიანო დათმობებზე

10 ოქტ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 
h6wdhhmsjkrxjov.png

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

მისი შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ ივერი მელაშვილი დაკავებულია, რათა მოსკოვმა საქართველოში თავისი მიზნები განახორციელოს. 

ასე ფიქრის საფუძველს ჯაფარიძეს გარემოებების მთელი რიგი აძლევს: 

"საზღვარი დადგენილი არ არის. საზღვარი დადგენილი არ არის შევარდნაძის ადმინისტრაციის პერიოდიდან. ოც წელზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ოც წელზე მეტია საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობენ დაკავებული სპეციალისტები. იმავე კომისიის წევრები არიან უშიშროების, თავდაცვის, საზღვრის და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები. საზღვრის დადგენაზე შეთანხმება არის სახელმწიფოებს შორის შეთანხმება. მან უნდა გაიაროს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, ორივე მხარის უმაღლესმა პირებმა მოაწერონ ხელი, ბოლოს პარლამენტის რატიფიკაცია ჭირდება. არაფერი ეს მომხდარი არაა. ივერი მელაშვილი არაა პირი, რომელიც ხელს აწერს. ის არის მხოლოდ ექსპერტი.

ამ დროს ვიღაც ხიდაშელი, რომელმაც მანამდე 1 200 000 ჩარიცხა კოვიდის ფონდად გაფორმებულ ფულის გასათეთრებელ/მისატაცებელ ფონდში, "გადმოგვცემს რუკას". ხიდაშელი არის კომპანია "ინტრაკომის" ხელმძღვანელი. ინტრაკომი ეკუთვნოდა ბერძენ მსხვილ ბიზნესმენ სოკრატის კოკალისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაქცეული ბერძენი კომუნისტი მებრძოლის შვილს, რომელზეც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითონაც იყო შტაზის აგენტი "პაზივნოით" როკო, კროკოს და ა. შ. ინტრაკომი 2014 წელს შეიძინა რუსულმა კომპანია "სისტემა"-მ, რომელ8ც ეკუთვნის პეტერბურგელ მილიარდერ ევტუშენკოვს. ამ კომპანიაში მუშაობს "კოვიდთან მებრძოლი და რუკების მეუფე" ხიდაშელი. სისტემამ ინტრაკომი იყიდა ჩეხეთში დაფუძნებული მისი კომპანიის სიტრონიკსის საშუალებით. სამივე კომპანია არის ევტუშენკოვის ბიზნეს იმპერიის ნაწილი. სისტემა აწარმოებს მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებს, რომელიც გამოიყენენა როგორც ტელეკომუნიკაციებში, ისე თავდაცვასა და დაზვერვაში. კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის დაზვერვასთან.

რუსულ სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოიტანა ჯერ 1 200 000 და ახლა მოიტანა "რუკა" იმ ლეგენდის შესაქმნელად, რომ "მიწები გაყიდეს". რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებში, ერევა ფულით, ერევა ლეგენდირებით, ერევა საქართველოს საპატრიარქოს საშუალებით, ერევა პატრიოტთა ალიანსით და ქართული ოცნებით, ერევა ტვ ნადეჟდას (იმედი) და პოსტივის საშუალებით, ერევა სხვა რადიკალური ჯგუფების და კონკრეტული პოლიტიკოსების გამოყენებით. რუსეთი ცდილობს, დაყოს და გახლიჩოს საქართველოს მოქალაქეები, მოახდინოს მაქსიმალური პოლარიზაცია. ამას დირიჟორობს, მინიმუმ ხელს არ უშლის და თვალს ხუჭავს, ხელისუფლება. მაგრამ ეს არაა მხოლოდ არჩევნებში ჩარევა, ამ საქმით ზიანდება საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესები.

შეთანხმება თუ არ არსებობს, საზღვრის დადგენაზე "გაყიდვაც" ვერ იარსებებს. იგივე წარმატებით, ივერი მელაშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში. თუ არაკანონიერი გარიგება მოხდა, რაც არ მომხდარა, მაშინ აზერბაიჯანიც არის მისი მონაწილე. მეგობარ მეზობელ სახელმწიფოს ბრალს ვდებთ კრიმინალურ ქმედებაში. ესეც ასევე შედის რუსეთის ინტერესებში.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ამის საფუძველზე ჩნდება ეჭვი, რომ ივერი მელაშვილი, წესიერი პროფესიონალი, დაკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვმა განახორციელოს თავისი მიზნები საქართველოში. მეტიც, ჩნდება ეჭვი, რომ ივერი მელაშვილის კომისიიდან მოშორებით და მისი ციხეში გაშვებით საქართველოს ხელისუფლება წავა ქვეყნის საზიანო დათმობებზე.

დაამტკიცონ, თუ ეს ასე არ არის". - წერს გია ჯაფარიძე. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს კი მასალები, რის საფუძველზეც პროკურატურა მუშაობს, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელსაც, თავის მხრივ, კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

შესაბამისად, მელაშვილის განცხადებით, 1:200 000-იან რუკას, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის იქითა მხარე საქართველოს შემადგენლობაშია, მტკიცებულებად აზერბაიჯანულ მხარეს ვერ წარუდგენდნენ, "იმიტომ, რომ მეორე მხარეც ძალიან მარტივად ჩაუტარებს ექსპერტიზას და დაადგენს, რომ ასე არაა". 

რაც შეეხება 1937 წელს გამოცემულ 1 : 500 000-იანი მასშტაბის რუკას, კარტოგრაფის თქმით, 1938 წელს ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ შეათანხმა საზღვრები ამ რუკაზე, მოეწერა ხელი საზღვრის გამავლობას და დაამტკიცა სამივე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ეს არის სამართლებრივი აქტი. 

ასევე, საზღვრის დადგენაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფოები იღებენ, კომისიის წევრები კი ორივე ქვეყნის მხრიდან მხოლოდ დოკუმენტებს შეისწავლიან და რეკომენდაციებს გასცემენ. 

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.  

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა. 


close დახურვა