logo
ENG



ჯაფარიძე გირჩზე: ლიბერტალიანული პარტია ოცნებას თხოვნით მიმართავს, დაიკიდოს ჩემი თავისუფლება

01 თებ 202113:01
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე გირჩზე: ლიბერტალიანული პარტია ოცნებას თხოვნით მიმართავს, დაიკიდოს ჩემი თავისუფლება

პარტია მეტი თავისუფლება - გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელების მიმართვას Facebook-ზე ეხმაურება, რომელშიც გირჩის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ მხარი არ დაუჭირონ კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. გირჩში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს. 

"ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი
მართლა რა არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა", - აცხადებს ჯაფარიძე. 

იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მათთვის მანდატების შეწყვეტისთვის ჯერ კენჭი არ უყრია. 

27 იანვარს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მანდატები შეუჩერდებათ. თუმცა, მისივე თქმით, შესაბამის კენჭისყრამდე ერთი სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. 

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია პარტია გირჩის ერთ-ერთ განაყოფს - იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს.

ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა - მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

პარლამენტში შევიდნენ პარტიოტთა ალიანსის სიით მოხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები დააფუძნეს. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა