გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეთავაზებას აფასებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადადება ოპოზიციამ უნდა განიხილოს. იგი იქვე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს პაკეტში, მათ სხვა მოთხოვნებთან ერთად.
"ეგ თუ უნდა იყოს იმის საპირწონე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი მოხსნას, შეიძლება იყოს, ოღონდ პოლიტპატიმრების თემა ვერ დაიხურება, ისევე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები უნდა მოხდეს. პაკეტში უნდა მოხდეს.
შეიძლება ამ საკითხის განხილვა, ოღონდ ეს უნდა განიხილოს ოპოზიციამ შიგნით" , - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და ამატებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი და საერთო პოზიცია რაც იქნება, ის იქნება მისი პოზიციაც.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მხარეებს ვადამდელი არჩევნების გადადების საკითხის შეთანხმებაში შეტანას სთავაზობს.
ფორმულასთან ინტერვიუში იგი მმართველ ძალას სერბული მაგალითის განხილვას ურჩევს და ამბობს, რომ არსებული სიტუაცია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი იქნება.
"ჩემი შეთავაზებაა, შეიტანონ შეთანხმებაში არჩევნების გადადების საკითხი მომავალი წლისთვის და დაუბრუნდნენ მის განხილვას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
ვურჩევდი მმართველ პარტიას, განიხილოს სერბული მაგალითი, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებსა და პარლამენტს. რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ გადაწყვიტა რომ სერბეთისთვის და მისი ინტეგრაციისთვის კარგი იქნებოდა არჩევნების არა 4, არამედ 2 წლის შემდეგ ჩატარება", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.
ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
11 დეკემბერს გამართულ პარლამენტის გახსნით სხდომაზე დარბაზში მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებოდნენ.