logo
ENG



ჯაფარიძე მათიაშვილზე: მაღაზიაში შედიოდა, თანამშრომლების გასაფრთხილებლად, ამ დროს ესროლეს

20 იან 202314:11
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საგარეჯოში მომხდარის შედეგად დაშავებული გირჩი - მეტი თავისუფლების პარტიის წევრი, ვალერი მათიაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მათიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯაფარიძემ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ "მათიაშვილი თავის მაღაზიაში შედიოდა, რათა თანამშრომლები გაეფრთხილებინა, რომ არ გასულიყვნენ და მაგ დროს მოხვდა ტყვია".

"ვალერი მათიაშვილია ჩვენი პარტიის წევრი, საგარეჯოს სიის პირველი ნომერი იყო ადგილობრივი არჩევნების დროს. ფეხშია დაჭრილი, ამ წუთებში მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ვიყავი, მოვინახულე, გავესაუბრე კიდევაც. დაიჭრა მაღაზიასთან, მისი მაღაზიაა და მაღაზიაში აპირებდა შესვლას, ამბავი რომ დაიწყო, რომ თანამშრომლები გაეფრთხილებინა, რომ არ გამოსულიყვნენ და მაგ დროს აქვს მოხვედრილი. გარეთ ვიყავიო, მესმოდა ხმებიო, ვიღაცებმა დაიძახეს დაწექითო, მაგრამ რახან ნათლისღება იყოო, უცებ ვერ მივხვდიო, რამდენად სერიოზული ამბავი იყო და მერე მივხვდი, რომ სერიოზული ამბავი იყო და შევბრუნდი, რომ თანამშრომლები გამეფრთხილებინაო", - ამბობს ჯაფარიძე.

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება საგარეჯოში მომხდარს გამოეხმაურა და თქვა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი მათი პარტიის წევრია.

* * *

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა