logo
ENG



ჯაფარიძე მედიატორებზე: აპირებენ, დადონ ტექსტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება

29 მარ 202122:13
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე მედიატორებზე: აპირებენ, დადონ ტექსტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე ხვალ კონკრეტულ ტექსტს დადებს, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ხვალიდენლი პოზიცია უნდა იყოს პრინციპულად განსხვავებული იმ პოზიციებისგან, რაც აქამდე გაჟღერებულა. მისივე თქმით, თუ საუბარია კომპრომისზე, დათმობაზე ქართული ოცნება უნდა წავიდეს. 

"ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა - არა. მე მგონია, რომ ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ეუბნებოდნენ, რომ "თქვენზეა ახლა პასუხისმგებლობა".

კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში დადის რაღაც კონკრეტულ თემებზე. ეს თემები გაწერილია შარლ მიშელის 5 პუნქტში და იმ ხუთივე პუნქტში ამ წუთში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, თუ რაიმე კომპრომისზეა საუბარი, დათმობა უნდა იყოს იქეთა მხრიდან", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს. 

დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდამისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.


close დახურვა