logo
ENG



ჯაფარიძე პარლამენტის დატოვების შესახებ ლელო-ს ინიციატივაზე: არის ამაში საღი აზრი

23 ივნ 202115:37
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არის საღი აზრი ლელო-ს ინიციატივაში იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული ოცნება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს. 

როგორც ჯაფარიძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, თუ მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს, ამ დოკუმენტს არანაირი შინაარსი აღარ ექნება.

"რაც ლელომ განაცხადა, კი, მაგაში საღი აზრი არის. ამნისტიის ნაწილში ისინი გავიდნენ ჩემი აზრით შეთანხმებიდან, ახლა არის მართლმსაჯულების ნაწილი, სადაც უკვე პრინციპში გასულები არიან, იმიტომ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერებული არ არის და ამას მოჰყვება კიდევ საარჩევნო საკითხების განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

კი, თუ ქართული ოცნება არაფერს შეასრულებს და რეალურად დარჩება მარტო ოპოზიცია, რომელიც იქნება ერთგული შარლ მიშელის დოკუმენტის, ამ დოკუმენტს არანაირი შინაარსი არ ექნება, არც რაიმე კრიზისი განმუხტვაზე იქნება საუბარი. ერთადერთი საკითხი, რომელიც იქიდან იქნება დარჩენილი და მნიშვნელოვანი 43%-იანი ჩანაწერია, რომელმაც მომავალი არჩევნები ოქტომბერში უნდა აქციოს რეფერენდუმად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

close დახურვა