logo
ENG



ჯაღმაიძე: ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში

17 მარ 202111:53
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესია სინოდის 11 თებერვლის განჩინებით ხელმძღვანელობს. ჯაღმაიძის თქმით, განჩინებაში წერია, რომ ეკლესია ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას მიესალმება. გარდა ამისა, ჯაღმაიძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. 

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ", - წერს ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაზე. 

ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, გუშინ 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდლმთავრებს ვაქცინაციის პროცესში დახმარება და "გვერდში დადგომას" სთხოვა. მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია". 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. გამყრელიძის ცნობით, პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა. 

მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა