logo
ENG



ჯაღმაიძე: ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

29 ივნ 202116:23
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, შეხვედრას ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის მინისტრი, World Vision-ისა და UNICEF-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეფასდა განვლილი პერიოდი, მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობი დაინიშნა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად და ორივე მხრიდან გამოითქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი.

ჯაღმაიძემ თქვა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

"ასევე, საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, რომ უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია და ბავშვები უნდა უპირველესად იქნენ დაბრუნებული თავის ბიოლოგიურ ოჯახებში, შემდგომში, თუ ეს არ მოხერხდა, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში და უკვე ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ასე რომ, შემდომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები", - თქვა ჯაღმაიძემ.

გუშინ, 28 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა. ეს პირველი ვიზიტი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

ნინო ლომჯარიას შესვლა პანსიონში მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაწესებულების ხელმძღვანელი შეიცვალა - წინა დირექტორი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდა. მოქმედმა ხელმძღვანელმა კი თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები და თავად ლომჯარია პანსიონში შესულიყვნენ მონიტორინგის მიზნით.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს. 

პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა