საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფორმულასთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილმა აზერბაიჯანის მხარეს ის მიწები გაუფორმა, რომელიც მათ ითხოვეს.
დეკანოზის თქმით, ივერი მელაშვილის გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
ანდრია ჯაღმაიძე სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
"ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მისი გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ მან რაიმე ეროვნული გააკეთა, არ გვაქვს.
რაც მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ, ყველა მიწა გაუფორმა, რაც მის კომპეტენციაში იყო. რა გააკეთა ეროვნული ნიშნით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გმირად აღვიქვათ არ ვიცი.
საპატრიარქოს კუთვნილებაა, ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და საპატრიარქო პირველ რიში სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა",-ამბობს ჯაღმაიძე.
საქართველოს საპატრიარქო დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გუშინ, 29 იანვარს გამოეხმაურა. განცხადებაში საპატრიარქო წერს, რომ "სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს", შეურაცხმყოფელია".
საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილმა და თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, დავით გარეჯზე ისეთი განცხადებების გაკეთებას უნდამოერიდონ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
კარტოგრაფების დაკავებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათ წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.