logo
ENG



ჯაღმაიძე: ყინწვისში მომხდარ ინციდენტში საპატრიარქო ვერ ჩაერევა

09 მაი 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა დღეს საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იმყოფებოდა. ანდრია ჯაღმაიძემ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ადამიანების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გადაწყვიტოს. შეუძლია ეპარქიის ხელმძღვანელს სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, - განაცხადა ჯაღმაძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში სინოდის კრება არ არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა სასულიერო პირმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს რამდენჯერმე ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას პატიმრობა შეეფარდა.

ასევე შეგახსენებთ,  9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან უკვე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. მათ მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. ვაკის პარკში იმყოფებიან მოქალაქეებიც, თუმცა წელს ვირუსული ინფექციის გამო, მათი რაოდენობა შესამჩნევად მცირეა.

ვაკის პარკში უნდა მოსულიყვნენ პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის  „უკვდავი პოლკის“ წევრები, თუმცა  ჯერჯერობით ისინი ადგილზე არ გამოჩენილან.

 


close დახურვა