საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობისას ყველა სადავო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ.
ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ დავით გარეჯი საქართველოს ძირძველი სიწმინდეა.
"ეს ძიების საგანია და დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, განცხადებებში ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. კომისიის მუშაობა იყო არაეფექტური. იმის უკან ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამას გამოძიება დაადგენს. ყველა სადავო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ. ახლა განახლებული კომისია მუშაობს და იმედი გვაქვს, იმ პრინციპული მიდგომით, რასაც ვხედავთ, შედეგი დაიდება. საპატრიარქოს კუთვნილებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი და ამ შემთხვევაში დავით გარეჯზე როდესაცაა საუბარი, ეკლესიის ქონებაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ეკლესიას ნაწილობრივ აქვს ინფორმაცია წინა ხელისუფლებისას არსებული კომისიის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემულ რუკებზე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თემა გამოძების საგანია.
29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
ასევე გუშინ, 29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უსაუბრია, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.
საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. იგი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".