აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული საკითხები ევროპელ ლიდერებთან განიხილა. თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
საუბარში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა, მარიო დრაგიმ და ბორის ჯონსონმა.
აღნიშნული ზარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა.
უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.
ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "ეფექტურად წინ მიიწევს", რადგანაც აშშ რუსეთის მხრიდან "რეალური სერიოზულობის ნიშნებს" ვერ ხედავს.