logo
ENG



ჯო უილსონი: შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი შეიძლება გაუარესდეს

30 იან 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი უმწვავესი გზავნილი შეერთებული შტატებიდან. ქვეყნის პრემიერს წერილი ამჯერად ორმა სენატორებმა გამოუგზავნა. წერილში საქართველოს ხელისუფლებას უკვე ნათლად მიუთითებენ, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა მოუწიოს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მმართველი გუნდი დროულად არ შეასრულებს დაპირებას.

პროპორციული სისტემის ჩაგდება, ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე, ოპოზიციის ლიდერების დევნა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის-წერილში ყველაფერი ღია ტექსტით, დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე წერია.

კრიტიკული წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა გამოუგზავნეს, გავლენიანი სენატორების შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში გაუარესებული დემოკრატიის გამო არაერთი კუთხით. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე და აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევაზე, მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე, ოპოზიციის ლიდერების დევნაზე ყველა გზის გამოყენებით, მათ წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მიერ, წლების წინ დახურული სამართლებრივი საქმეების განახლებაზე ოპოზიციის მიმართ და სასამართლოს იარაღად გამოყენებაზე.

სენატორების წერილში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე მოსამართლეების უვადო დანიშვნით. ხაზგასმულია ივანიშვილის განცხადება, რომ პროტესტის კიდევ ბევრი მონაწილე წავა ციხეში. ნათქვამია, რომ სენატორები წლების განმავლობაში ამერიკის და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ და ახლა ჩნდება შეკითხვები საქართველოს ვალდებულებებზე საერთო ღირებულებების მიმართ. აღნიშნულია, რომ რეფორმებში პროგრესის არქონა და დაძაბულობა მხოლოდ კარს უღებს რუსეთს ჩარევისთვის საქართველოსა და რეგიონში. არის გაფრთხილება, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედება, მით უფრო რისკის ქვეშ დგება საქართველოს უსაფრთხოება და ამან შესაძლოა აიძულოს მოკავშირეს პარტნიორობის გადაფასება.

ეს არის არის პირველი წერილი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატიდან იღებს. ცოტა ხნის წინ კონგრესის ქვედა პალატიდან გაგზავნილი არაერთი წერილის პარალელურად, გახარიამ კრიტიკული წერილი კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრისგან, სენატორ როჯერ უიქერისგანაც მიიღო. ჰელსინკის კომისიის სხდომა დღესაც ჩატარდა და მისი დამთავრების შემდეგ, ვაშინგტონში დაწყებული მზარდი კრიტიკის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონიც საუბრობს. 

„ქართული ოცნების“ და მთავრობის კრიტიკა შეერთებულ შტატებში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი - „ოდირი“ ამზადებს შეხედულებას და მალე ამ დოკუმენტს სახალხო დამცველის ოფისი მიიღებს. ამის შესახებ „ფორმულას“ თავად „ოდირის“ დირექტორმა განუცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.


close დახურვა