logo
ENG



ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები ტყვედ აიყვანეს

07 ოქტ 202316:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/w2331upxl3mavf7.jpg

პალესტინური დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები დაატყვევეს. მათი მტკიცებით, საზღვრისპირა თავდასხმის დროს დატყვევებულია, სულ მცირე, 5 სამხედრო. 

ჰამასთან დაკავშირებულმა მედიამ "დატყვევებული სამხედროების" კადრები გამოაქვეყნა. ისრაელი ამ დრომდე ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას. 

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ტანკს ცეცხლი უკიდია, ხოლო პალესტინელები ზეიმობენ.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".

ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 740 ადამიანი. 


close დახურვა