ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. შესაბამისი განცხადება დაჯგუფების წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Shehab-ი ავრცელებს.
"ამ წუთიდან ნებისმიერ გაუფრთხილებელ თავდასხმას ჩვენს ხალხზე, რომელიც საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ იმყოფება, ვუპასუხებთ მძევლების მოკვლით, რომლის ტრანსლირებასაც მოვახდენთ ვიდეო და აუდიო ფორმატში", - თქვა გერე აბუ ობეიდამ.
***
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.