ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისინი უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას, ასოცირების შეთანხმებისა და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით განიხილავენ. ამ მხრივ, ელჩი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე აჩქარება "ცუდი სტარტი" იქნება და სჯობს შენელება.
კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოში კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდას ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს.
"ჩვენ, ჩვენს კოლეგებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და ევროპის საბჭოსდან ერთად გამოვთქვით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ სჯობს ცოტა შენელება და არ იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები ამ დანიშვნებთან დაკავშირებით.
გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ყველა კანდიდატის მიმართ იყოს ერთნაირი მიდგომა. იმედი მაქვს, ასე იქნება განხილული პარლამენტში და ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი.
ეს გადაწყვეტილება, ასევე იქნება განხილული მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით არ იქნება აჩქარება. იმიტომ რომ აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ამ ხელისუფლების განხორციელების პროცესში", - თქვა ელჩმა.
დღეს, 23 ივნისს ქართული ოცნებაში განაცხადეს, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. მმართველმა პარტიამ ამ თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომა პარტნიორებისა და ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის შემდეგ გამართა.
კობახიძის მტკიცებით, პირველ აპრილს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა.
"ხელისუფლებამ თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა", - თქვა მან.
კობახიძის თქმითვე, გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები, თითქოს, "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში".
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.
ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაიხსენა შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი და თქვა, რომ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა, მანამდე კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სამი მოსმენით უკვე მიღებული იყო.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.