ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეთანხმების ნაწილია და ვენეციის კომისია დეტალურად შეისწავლის მას.
ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე თამარ ჟვანიას დარჩენის საკითხი მიშელის დოკუმენტის ნაწილი არ ყოფილა.
"ჯერ [საარჩევნო ცვლილებების] ყველა დეტალს არ ვიცნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არის ამ შეთანხმების ნაწილი. ის, რომ ძალიან ფართო შეთანხმება იყო მიღწეული მხარეებს შორის, ნიშნავს, რომ შეთანხმების სულისკვეთება გაზიარებულია. ახლა ვენეციის კომისია ზედმიწევნით დეტალებში შეისწავლის ამ ცვლილებებს და გასცემს რეკომენდაციებს, რაც ძალიან დამაიმედებელია.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ეს არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და მხარეებზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ამ დისკუსიას", - თქვა მან", - ამბობს ჰარცელი.
ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმებული საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიას დღეს, 20 მაისს გადაეგზავნება.
ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თამარ ჟვანია არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს და რომ ცესკოში წევრების არჩევის მხრივ რადიკალური ცვლილებები იქნება. იგი, ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ჟვანიას თანამდებობაზე ყოფნა/არყოფნის საკითხი მიშელის დოკუმენტში გაწერილი არაა.
"თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, სადაც 10 ახალი წევრი დაინიშნება. ჩვენ საოლქო და საუბნო კომისიებში დამატებით 8 ოპოზიციონერი გვეყოლება. ეს რადიკალური ცვლილებაა.
შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის, თუმცა ეს ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც არის გაწერილი დოკუმენტით ახალი წევრებისათვის", - თქვა ჯაფარიძემ.
ოპოზიცია 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო - მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მათმა უმეტესმა ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა და პარლამენტშიც შევიდა.
ახლა პარლამენტმა მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილ საკითხებზე უნდა იმუშაოს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა.
ადმინისტრაციის რეფორმა მოიცავს, მათ შორის, ცვლილებებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და კომისიის წევრების დაკომპლექტების წესში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. რაც შეეხება თავმჯდომარის და არჩევის პროცედურებს - სამართლიანი არჩევნების განცხადებით, პროცესი, რაც უკვე დაწყებულია - სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს.
მოძრაობა დროა კი აცხადებს, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ "ოცნება" გავლენებს ინაწილებს.