logo
ENG



ჰარცელი ამბობს, რომ პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნაზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს

19 დეკ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მედიატორი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ და უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ საკანონდმებლო ინიციატივას, ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნისა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტაზე, შემაშფოთებელს უწოდებს. 

ჰარცელი, როგორც მოლაპარაკებებში ჩართული ფასილიტატორი ელჩი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები შეთანხმების მიღწევის პროცესს ხელს შეუშლის. 

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივებიც არ უწყობს პროცესს ხელს", - ამბობს ელჩი, - "გულახდილად რომ გითხრათ, შეშფოთებას იწვევს". 

ჰარცელი განმარტავს, რომ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევის შემთხვევაში, სანქციად, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს, მსხვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული. 

"ვხედავ როგორც კანონს, რომელსაც ძალიან აშკარა მიმართულება აქვს, მთავარი ოპოზიციური პარტიების მიმართ", - ამბობს ჰარცელი

თუმცა ევროკავშირის ელჩი "გარკვეულ ლოგიკას" ხედავს ქართული ოცნების იმ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების გზით მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. 

"არსებობს ამაში გარკვეული ლოგიკა", - ამბობს ჰარცელი, - "შესაძლოა იყოს კამათი, რომ პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან, უნდა შევიდნენ პარლამენტში და შეასრულონ საკუთარი როლი და აიღონ პასუხისმგებლობა". 

ევროკავშირის ელჩმა განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან "უფრო ფართო არგუმენტაციის წარდგენაა საჭირო". 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერ კიდევ უშედეგოდ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უწევენ ფასილიტაციას. მიმდინარე კვირაში მოქალაქეებისა და გირჩის სამი ლიდერის გარდა ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ გააუქმა საარჩევნო სია და უარი თქვა სადეპუტატო მანდატებზე. 

ქართული ოცნების ხელისუფლება კი, ახალი კანონპროექტით ოპოზიციას მანდატების საბოლოოდ გაუქმების და პარლამენტში მმართველი გუნდის მარტო დატოვების შემთხვევაში, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. 

მწვავე პოლიტიკური ვითარების ფონზე ჰარცელი აცხადებს, რომ შეთანხმებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო და რესურსი რჩება. 

"როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ კარი დახურვას იწყებს", - ამბობს ელჩი, -"ეს სამწუხაროა ჩემთვის".

ამ დრომდე ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ჯერ მხოლოდ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ხედავენ.  ამ დრომდე უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი და რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ პროცესი. 

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთოვნების სრული სია იხილეთ აქ


close დახურვა