logo
ENG



ჰელსინკის კომისია ComCom-ის გადაწყვეტილებაზე: მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს

27 ივლ 202413:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/27/gy3fx91jn4dsnqb.jpg

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ComCom მთავარი არხისგან რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს.

"ქართული ოცნება იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც იბრძვიან", - წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვყნებულ განცხადებაში.

მთავარი არხის ცნობით, ვიდეოკოლაჟი, რომლითაც ის მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში.

ვიდეორგოლებში ჩანს იმ დეპუტატების ფოტოები და სახელები და გვარები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს.

მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გასული რგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო.

"კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას", - წერია ComCom-ის განცხადებაში.

მარეგულირებელი ორგანო დასძენს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.

ხელისუფლების სამიზნე TV პირველიც გახდა. კახა კალაძე TV პირველის წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. თბილისის მერი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.

 

 

 

 

 
 

 

 


close დახურვა