logo
ENG



ჰერჩინსკი: არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტი ამოღებულ იქნას

15 ივნ 202311:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/15/202m5edsvzfaiw6.jpeg

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობა პრობლემაა საქართველოსთვის და თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.

განცხადება ჟურნალისტებთან პაველ ჰერჩინსკიმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი იქ არ მისულა. 

"12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ გასულ წელს მიიღო შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე ევროკავშირის ლიდერების მიერ. ასე რომ, ცხადია, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პრიორიტეტი ამოღებულ იქნას. პრიორიტეტი ნომერი 5 ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის. ჩვენ ვდგავართ ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობის გამოწვევის წინაშე ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, რომ საქართველოსთვის ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყვეტილი უნდა იყოს, თუ როგორ, ცხადია, ეს ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. მაგრამ პრობლემა რჩება და ჩვენ ველით, რომ პრობლემა გადაჭრილი იქნება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.

ამასთან, ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.


close დახურვა