logo
ENG



ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს სააკაშვილის მკურნალობას

17 ივლ 202312:23
3 წუთის საკითხავი
 
ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს სააკაშვილის მკურნალობას
European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, მოხარულია, რომ "როგორც იქნა, პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში და მიეცათ უფლება, მოენახულებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი".

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

"ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ ვივამედის ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის, სასამართლოში და როგორც პაციენტის", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.

პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.


close დახურვა