logo
ENG



​აბიტირიენტები ეროვნული გამოცდების ფორმატის გადახედვას ითხოვენ

08 აპრ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

„მოვემზადოთ ცუდი სცენარისთვის,“ - აბიტურიენტები, სპეციალისტები და ოპოზიცია განათლების სამინისტროსგან ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლას ითხოვენ. პანდემიის ფონზე სამინისტრო გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღის ცვლილების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს. აბიტურიენტები კი შიშობენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე დასწრება ჯანმრთელობის რისკის ფასად მოუწევთ. აბიტურიენტების მოთხოვნას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტებიც. 

აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ფორმატის გადახედვას ითხოვენ, საგანგებო ვითარების გამო მათი უმრავლესობა სათანადოდ ვერ ემზადება. აბიტურიენტები იმასაც შიშობენ, რომ საგამოცდო ცენტრებში, სადაც ათობით ახალგაზრდა გამოცდებს აბარებს, უსაფრთხოების წესების დაცვა შეუძლებელი იქნება. 

პანდემიის დროს გამოცდების ჩატარების რამდენიმე გზას სთავაზობს და მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს ოპოზიცია, ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩასაბარებელი საგნების შემცირება და ყველა საგნის ერთ ტესტში მოქცევა იქნება, ისე რომ აბიტურიენტმა ერთ სასესიო დროში ყველა საჭირო საგანი ჩააბაროს. ასევე აუცილებელია, აბიტურიენტის საგამოცდო ოთახებში განცალკევებით განთავსდნენ. ახალი საგამოცდო მოდელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

აბიტურიენტების ნაწილი რომ გამოცდებისთვის სათანადოდ ვეღარ ემზადება ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ. რადგან უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა სტუდენტების რაოდენობას აჭარბებს ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ერთი სემესტრით ყველა სტუდენტის უნივერსიტეტში მიღება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამით აბიტურიენტები თანაბარ პირობებში მოექცევიან და შემოდგომაზე შესაბამისი გამოცდებით სხვა და სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.

შევა თუ არა ცვლილებები ეროვნული გამოცდების სისტემაში, ეს ჯერ ცნობილი არაა, განათლების მინისტრმა ორი დღის წინ მხოლოდ ის თქვა, რომ გამოცდების თარიღი არ შეიცვლება და აბიტურიენტების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდება.

განათლების სამინისტროში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კომენტარს დღეს აღარ აკეთებენ, გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება.


close დახურვა